top of page

​რუსული ტყუილები საქართველოს წინააღმდეგ - საუკუნის ისტორია

კონტექსტი

2 საუკუნეზე მეტია, საქართველოს რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში უწევს არსებობა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ რუსეთთან ათობით ომი და იმპერიული მარწუხების წინააღმდეგ წამოწყებული რამდენიმე დიდი აჯანყება გამოიარა. რუსეთის იმპერიულ ამბიციებსა და დამპყრობლურ პოლიტიკას ასობით ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ფაქტია, რუსეთმა საქართველოს ბევრი ავნო და ქართველთა ისტორიულ მეხსიერებას ეს ახსოვს, მაგრამ ამავე ისტორიული მეხსიერებიდან გამქრალია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პროპაგანდისტული ნარატივების ანატომია.

 

როგორც ერს, კარგად გვახსოვს რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული დაპყრობითი ომები, სისხლში ჩახშობილი ეროვნული აჯანყებები, დახვრეტილი ქართული ინტელიგენცია, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი და გადასახლებული ადამიანები, მაგრამ არ ვიცით და არ გვახსოვს, თუ როგორი პროპაგანდისტული ნარატივებითა და ტყუილებით გვიბნევდა რუსეთი თავ-გზას, რა იყო ამ ტყუილების შინაარსი და რამდენად ეფექტურად მუშაობდა ის ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში.

დღეს შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ნარატივები „გლობალურ ომის პარტიაზე“, „საქართველოს ომში ჩართვაზე“, „მეორე ფრონტზე“ „ტერიტორიების მტრისთვის ჩაბარებაზე“, "მთავრობის გაქცევაზე", „ქვეყნის გაძარცვასა“ და მთავრობის მიერ ოპოზიციის ხალხის მტრად გამოცხადებაზე მოქმედი ხელისუფლების მიერ შემუშავებული პიარ კამპანიისა და პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ სინამდვილეში, მას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და რუსეთის კომუნისტურ იმპერიას უკავშირდება. ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ისევე როგორც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე საქართველოში რუსეთთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა აქტორმა, სრულად შეითვისა ბოლშევიკების მიერ თავის დროზე საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ შექმნილი პროპაგანდა.

Menshevikta-25 Feb.jpg

ფოტოზე: წითელი არმია თბილისში

რუსული პროპაგანდა

ბოლშევიკური ოკუპაციის ქვეშ

1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური ოკუპაციიდან მალევე, გაზეთი „კომუნისტი“ მკითხველს აცნობდა: „სამი წლის ბორკილების ტარების შემდეგ საქართველოს მუშები და გლეხები განთავისუფლდა მოღალატე მენშევიკების ტირანიიდან... დიდი ხნის დატანჯულმა და ყოველ მხრივ შევიწროვებულმა მუშებმა პირველად თავისუფლად ამოისუნთქეს.“

იმდროინდელ ბოლშევიკურ პრესაში ასეთ ფორმულირებასაც შეხვდებოდით: „გაყიდული მენშევიკური მთავრობა სასირცხვოთ გაიქცა, ვერავითარმა მუდარამ ვერ გასჭრა მათი მოკავშირე ევროპის იმპერიალისტებთან, რომ შეიარაღებული ძალით დახმარებოდათ საქართველოზედ მომდგარი წითელი ტალღის ჩასაქრობად... მთავრობა ქურდულად გაიპარა.“

გაზეთი კომუნისტი საქართველოს მოქალაქეებს ამცნობს, რომ ქვეყანა ტირანიისგან გათავისუფლდა.

სოვლაბის არქივი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1931 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს მასალას სახელწოდებით: „მენშევიკებმა გაძარცვეს საქართველო.“ ამ პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, მძარცველად არის გამოყვანილი საქართველოს ეროვნული გმირი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ექვთიმე თაყაიშვილი.

კომუნისტური პრესა ქართველ სოციალ-დემოკრატებს ქვეყნის ძარცვაში ადანაშაულებს.

სოვლაბის არქივი.

ბოლშევიკური პროპაგანდა არ ერიდებოდა პიროვნულ თავდასხმებსაც - ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვალიკო ჯუღელი და მათი თანამებრძოლები გამოჰყავდათ, როგორც ბანდიტები, ტერორისტები, მოღალატეები.

აღსანიშნავია, რომ შემდგომ წლებში არასასურველი ადამიანების ფიზიკურად განადგურებამდე, კომუნისტური პარტია მათი სახელის შელახვას ცდილობდა. ამ მოტივებით 1937 წელს "აგენტებად" და "ხალხის მტრებად" გამოაცხადეს მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი და კომუნისტური პარტიისთვის მიუღებელი სხვა პირები.

ჯალათებად გამოყვანილი ქართველი გმირები.

სოვლაბის არქივი.

საქართველოს ისტორიის სამ განსხვავებული პერიოდი - ერთი ხელწერა.

სოვლაბის არქივი.

ბანდიტობაში დადანაშაულებული ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

სოვლაბის არქივი.

დამოუკიდებლობის აღდგენა და რუსეთის პასუხი საინფორმაციო ველზე

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთმა 1920-იანი წლების მსგავსად, ისევ ქართველების ხელით დაიწყო ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, სამხედრო საბჭოს კონტროლს დაქვემდებარებული პრესა ხალხს ამცნობდა: „დიქტატორული რეჟიმი დამხობილია.“ მაშინ ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ოპოზიციური მიტინგებისთვის ცეცხლის გახსნაში, ხელისუფლების უზურპირებაში. გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ გავრცელებული პროპაგანდისტული მესიჯების დიდი ნაწილი 1920-იან წლებში ბოლშევიკების მიერ პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწყებული პროპაგანდისტული ნარატივების იდენტურია.

 

ისტორიკოს დავით ხვადაგიანის თქმით, ზვიად გამსახურდიას საქართველოდან „ტონობით ოქროს გატაცებაში“, „სისხლისმსმელობასა“ და „ადამიანების დატერორებაში“ სდებდნენ ბრალს. პირველი რესპუბლიკის მსგავსად, სიმართლისგან ეს ნარატივებიც ძალიან შორსაა.

aivazovi_439.jpeg

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა მკითხველს გამსახურდიას "დიქტატორული რეჟიმის" დამხობას ამცნობს.

სოვლაბის არქივი.

ტანკი ნაომარ დედაქალაქში.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა/შაჰ აივაზოვი

ახალი დრო - ძველი მესიჯები

სამწუხაროდ, საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბოლშევიკების მიერ საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ შემუშავებული პროპაგანდისტული ნარატივები დღესაც მუშაობს და ის აქტიურად გამოიყენება. მოქმედი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების „უცხოეთის აგენტებად“, „სისხლისმსმელებად“, „მძარცველებად“, „მოღალატეებად“ გამოყვანა რუსი ბოლშევიკების ხელწერაა. სიახლეს არც „გლობალურ ომის პარტიაზე“ შეთქმულება წარმოადგენს. დავით ხვადაგიანის თქმით, ეს ცივი ომის პერიოდში კომუნისტური პარტიის მიერ შემუშავებული პროპაგანდაა, რომელიც დასავლეთს ომის გამჩაღებლად ხატავდა, საბჭოთა კავშირს კი - მშვიდობის დამცველად. დღეს საქართველოს ევროპული მომავლისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ხელისუფლება ომს მოწყურებული დასავლური ძალების აგენტებად აცხადებს, ზუსტად ასევე გამოცხადდნენ „დასავლელი იმპერიალისტების აგენტებად“ 1920-იან და 30-იან წლებში იმდროინდელი საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები.

global war party.png

ქართული ოცნების ლიდერი მისთვის ნებისმიერ არასასურველ პირსა თუ ორგანიზაციას აგენტებად და რადიკალებად მოიხსენიებს.

ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირელი არხის ვებ-გვერდი

გაკვეთილები

ისტორია კარგი მასწავლებელია და ის  გვაჩვენებს, რომ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მსგავსი რუსული ტყუილებით ცდილობს ფონს გასვლას, პირდაპირაა დაკავშირებული კრემლთან და მოსკოვში დაწერილი ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებს.

ამ ხაფანგიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განათლებაშია. საუკუნეზე მეტია რუსეთი ხელწერას არ ცვლის და საქართველოს ერთი და იგივე პროპაგანდისტული მესიჯებით წარმატებით ებრძვის. დროა, რუსეთ-საქართველოს ომის ამ მივიწყებულ ნაწილს ყველასთვის მოეფინოს ნათელი!

ავტორი: გიორგი ხარებავა

მითების ლაბორატორია

bottom of page